წარმოების ორგანიზაცია, ტექნიკური აღჭურვილობა და ტექნოლოგიები

    პოლიგრაფიულ საწარმო “ფაუნტეინ ჯორჯიაში” წარმოების პროცესი დაყოფილია ლოგიკურ ეტაპებად: ბეჭდვამდელი პროცესი ( Pre Press ) – დამკვეთისგან მიღებული ელექტრონული ან სხვა სახის მასალის კომპიუტერული დამუშავება ფერდაშლის ჩათვლით, ბეჭდვის პროცესი ( Press ) – ტირაჟირებული ანაბეჭდის მიღება და ბეჭდვის შემდგომი პროცესი ( Post Press ) – კეცვა, ამოკვეთა, ბიგირება, ლამინირება, გალაქვა ოფსეტური/დისპერსიული/ულტრაიისფერი/შერჩევითი ლაქით, მავთულით აკინძვა, ზამბარით აკინძვა, თერმული აკინძვა და სხვა. თითოეული ეტაპისათვის დათმობილია განცალკევებული საწარმოო ფართი და მათ შორის უზრუნველყოფილია ორმხრივი კავშირი, რაც განაპირობებს შეკვეთების მაღალ ოპერატიულ გამტარობას შეკვეთის მიღებიდან საბოლოო პროდუქციის გაცემამდე. სულ საწარმო განთავსებულია 420 კვ.მ ფართზე.

    ყველა უბანი აღჭურვილია უახლესი მაღალი წარმადობის ტექნიკით: ბეჭდვამდელი პროცესების უბანი აღჭურვილია კომპიუტერული პარკით როგორც  Apple Macintosh ასევე IBM PC ტიპის კომპიუტერებით, სკანერები/პრინტერები A4/A3 ფორმატების, ციფრული ფერადი ბეჭდვის დანადგარი KONICA MINOLTA bizhub C224e multifunctional, თერმული ფორმების დამასხივებელი/გამამჟღავნებელი თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობა SUPRASETTER A75/RAPTOR PRO 85T A2+ ფორმატის, ფერდაშლის აპარატი A2 ფორმატის, ფორმების დამასხივებელი მოწყობილობა A2 ფორმატის, ფირების და ფორმების გასამჟღავნებელი პროცესორები. ამ უბანზე განსაკუთრებული ყურადღებით მოწმდება შეკვეთის ელექტრონული წყაროს ხარისხი – ფოტოების, ილუსტრაციების, დიზაინის. საჭიროების შემთხვევაში ხდება მათი დამუშავება-გაწმენდა ან ხელახლა აწყობა. ფაილებთან სამუშაოდ გამოიყენება ყველა ტიპის უახლესი პროგრამული საშუალებები, მ.შ. Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe PDF, Adobe InDesign, Corel Draw. აღნიშნული ტექნოლოგიური ჩარევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარეკლამო და სხვა გამოხატვითი პროდუქციის შექმნისას. აგრეთვე ამ უბანზე ხდება მიღებული შეკვეთის სრულყოფილი ტექნოლოგიური გააზრება, რაც განაპირობებს მის ხარისხიან და ოპერატიულ შესრულებას. დამკვეთთან ელექტრონული ფაილების გაცვლის მიზნით კომუნიკაცია მყარდება ყველა შესაძლო საშუალებებით, მ.შ. ელ-ფოსტა, სკაიპი, საზოგადო სერვერები და, საჭიროების შემთხვევაში, კურიერით მომსახურება.

    ბეჭდვის უბანი დატვირთულია სხვადასხვა დონის საბეჭდი ტექნიკით: გერმანული ფირმის HEIDELBERG ოფსეტური ბეჭდვის A2 ფორმატის ორ სექციანი 2 მანქანა, იაპონური ოფსეტური ბეჭდვის მანქანა HAMADA B47 A3 ფორმატის ერთი სექციით. გერმანული ტექნიკისთვის დამახასიათებელი სიზუსტე და გამძლეობა მაქსიმალურად არის გამოყენებული საწარმოში – მანქანები დატვირთულია ორ ცვლაში 14 საათის განმავლობაში და თითოეული შეკვეთის ანაბეჭდი ტირაჟის გაშვებამდე მიიყვანება ფერების, სიზუსტის და სისუფთავის იდეალურ მაჩვენებლებამდე. საბეჭდ მანქანებში გამოიყენება მხოლოდ ევროპული სტანდარტების მასალები (ქაღალდი, საღებავი და ა.შ.), მწარმოებლის მიერ მოწოდებული სათადარიგო ნაწილები და მათი მოვლა ხორციელდება ასევე ხარისხიანი საშუალებებით შესაბამისი ტექნოლოგიების ზედმიწევნითი დაცვით. ყველაფერი ეს ორიენტირებულია ტექნიკის გრძელვადიან სტაბილურ გამოყენებაზე.

    ბეჭდვის შემდგომი პროცესებისთვის საწარმოში დამონტაჟებულია საჭრელი დანა POLAR 72, ულტრა იისფერი ლაქით გასალაქი მოწყობილობა, საკეცი მანქანა, ბიგირების და პერფორირების მოწყობილობა A2 ფორმატის, ამოსაკვეთი დაზგები A3+ ფორმატის, კუთხეების მოსამრგვალებელი მოწყობილობა, ლამინატორი რულონური A1 ფორმატის, ლამინატორი პაკეტური, მავთულით ასაკინძი 5 სექცია, ზამბარით ასაკინძი მექანიკური და ავტომატური მოწყობილობები, ნახევრად ავტომატიზირებული თერმული აკინძვის მანქანა. თითოეული დანადგარის ექსპლუატაციისას დაცულია ტექნოლოგიის და მომსახურების ყველა ნორმატივი, პერიოდულად ხდება მათი რეგულირება, კორექცია, სათადარიგო ნაწილების გამოცვლა, რაც უზრუნველყოფს ნაბეჭდი პროდუქციის ხარისხიან დამუშავებას, ტექნიკის სტაბილურ მუშაობას და საბოლოო პროდუქტის ოპერატიულად მიღებასთან ერთად მის ესთეტიკურად უნაკლო დონეს.

    ტექნიკური აღჭურვილობის მთელი არსენალი საწარმოს საშუალებას აძლევს მინიმუმამდე დაიყვანოს პროდუქციის დამზადებისას გარეშე სუბკონტრაქტორების როლი და საწარმოს ფარგლებში განახორციელოს წარმოების სრული ციკლი.

    დამკვეთისთვის პროდუქციის ადგილზე მიწოდების ოპერატიული ორგანიზების მიზნით საწარმოს საკუთრებაში ფუნქციონირებს 4 ავტომობილი ჯამური ტევადობით 2,5 ტონა.